ტრამპს შპიონაჟის შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ
09/06/2023 05:29:32 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ახალი სასამართლო პროცესი იწყება. საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გამოყენებას.
ტრამპის ადვოკატმა ჯიმ ტრასტიმ ტელეკომპანია CNN-ს დაუდასტურა, რომ 7-პუნქტიანი ბრალდება მომდინარეობს კანონიდან შპიონაჟის შესახებ და შეთქმულებას, ცრუ განცხადებებს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ შენახვას ეხება.
დონალდ ტრამპი 13 ივნისს უნდა გამოცხადდეს მაიამის სასამართლოში, სადაც ბრალდებას ოფიციალურად წარუდგენენ. როგორც ამერიკული მედიასაშუალებები წერენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტს ბრალს ფედერალური პროკურატურა წაუყენებს.
ადვოკატმა შპიონაჟის კანონის საფუძველზე ტრამპის დადანაშაულებას სასაცილო უწოდა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა გრძელდება.
2022 წლის აგვისტოში აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ფლორიდაში, დონალდ ტრამპის სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილია საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც მის განკარგულებაში აღარ უნდა ყოფილიყო საპრეზიდენტო უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ.
მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე პერიოდში იყო. 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა. 2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება არ ეღიარებინა. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 600-ზე მეტი პირი. 2022 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კენჭს იყრის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.


