NATO რუსეთის საზღვრებთან 250 ბომბდამშენსა და გამანადგურებელს გზავნის
08/06/2023 14:57:19 მსოფლიო
ცნობილი ხდება NATO-ს ისტორიაში უმსხვილესი საჰაერო წვრთნების - Air Defender 23-ის რიგი დეტალები, რომლებიც დღეს The Wall Street Journal-მა განასაჯაროვა.
12-23 ივნისის პერიოდში დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად 25 ქვეყანა ჯამში 250-მდე საფრენ აპარატს აგზავნის, დაწყებული B1 სტრატეგიული ბომბდამშენებით, დამთავრებული მეხუთე თაობის F-35 გამანადგურებლებითა და შორი რადიუსის მოქმედების უპილოტოებით.
წვრთნები, რომელიც გერმანიის მეთაურობით გაიმართება, ნახევარ მსოფლიოს მოიცავს. ამერიკიდან ბალტიკასა და შავ ზღვაში რუსეთის საზღვრებამდე.
სწავლებაში ჯამში 10 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2000-მდე ფრენას განახორციელებს.
საბრძოლო თვითმფრინავები აქტიურად გამოიყენებენ NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის საჰაერო სივრცეს, მათ შორის - ლიტვის, პოლონეთის, ჩეხეთისა და რუმინეთის ცებს.
"ჩვენი მიზანია, გავაგზავნოთ მკაფიო სიგნალი: თუ მოხდება უარესი, ჩვენ საკუთარი თავის დაცვას შევძლებთ" - განაცხადა მაისის ბოლოს გერმანიის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერხარდსმა. მას არ დაუკონკრეტებია, ვის მიმართაა ეს სიგნალი, თუმცა როგორც მკისი ინტერვიუერი გამოცემა Bild წერს, "ეს ისედაც ნათელია - ადრესატი რუსეთი და ვლადიმირ პუტინია".
უშუალოდ გერმანია წვრთნებზე 70 საბრძოლო თვითმფრინავს აგზავნის.
"ამ გზით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და NATO-ს ტერიტორია წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთა არ შეიძლება" - განაცხადა გერხარდსმა.
უნარები, რომლებსაც წვრთნების განმავლობაში სამხედროები გამოიმუშავებენ, მათ სამომავლოდ კარგად გამოადგებათ სამხედრო-საჰაერო ძალების ურთიერთქმედებასა და სწრაფ გაშლაში არამარტო ევროპაში, არამედ აზიაშიც, მათ შორის - იაპონიიისა და სამხრეთ კორეის დასაცავად, - განუცხადა The Wall Street Journal-ს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მაიკლ ლოხმა. ცნობისთვის: Air Defender 23-ში იაპინიაც არის ჩართული.


