ჰიმენიუკი: წყალდიდობის მიუხედავად, რუსეთი კვლავ უხსნის ცეცხლს ხერსონს
08/06/2023 09:17:32 მსოფლიო
რუსეთის ძალები კვლავ ესვრიან ხერსონს და მის შემოგარენს მდინარე დნეპრის მეორე ნაპირიდან, მიუხედავად კატასტროფული წყალდიდობისა, რომელიც გამოიწვია კახოვკის წყალსაცავის განადგურებამ, - აცხადებს უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრესცენტრის ხელმძღვანელი ნატალია ჰიმენიუკი.
"იმის გამო, რომ წყლის დონე მუდმივად იწევს, მტერი იძულებული იყო 5-15 კილომეტრით დაეხია უკან თავისი ძველი პოზიციებიდან და სროლა ისეთი ინტენსიური აღარ არის, თუმცა ბერისლავსკის რაიონი [ქალაქ ხერსონიდან აღმოსავლეთით] კვლავ ცეცხლის ქვეშაა", - განაცხადა ჰიმენიუკმა.
ცნობისთვის: 6 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. კრემლმა უარყო ბრალდებებო და მომხდარს "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია" უწოდა.
კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით. როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკას ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.


