
პროკუდინი: უკრაინის ხერსონის ოლქში 600კმ² ტერიტორია წყლით უკვე დაიფარა, დატბორვის საშუალო დონე 5 მეტრზე მეტია
08/06/2023 07:19:29 მსოფლიო
დღეს დილის მონაცემებით, უკრაინის ხერსონის ოლქში წყლის ქვეშაა 600კმ² ტერიტორია, – ამის შესახებ ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დილის მდგომარეობით, დატბორვის საშუალო დონე 5,61 მეტრია.
კახოვკას ჰესის ნგრევის შედეგად წყლის ქვეშ მოქცეული 600 კვადრატული კილომეტრიდან 32% მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზეა და 68% - მარცხენაზე, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც მარჯვენა ნაპირზე მდებარე ქალაქ ხერსონში იმყოფება, ამბობს, რომ ხალხი დაღლილია, მაგრამ პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფილი არიან და ოლქის დატოვება ბევრ მათგანს არ სურს.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, კახოვკას წყალსაცავში წყლის დონე თითქმის ერთი მეტრით შემცირდა. დაშლას განაგრძობს ჰესის წყლის გამშვები კაშხალი და ჰესის შენობასა და ჩამკეტ ჯებირს შორის არსებული ტიხარი.
ცნობისთვის: 6 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. კრემლმა უარყო ბრალდებებო და მომხდარს "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია" უწოდა.
კახოვკის კაშხალი მდებარეობდა ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით.რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ტერაქტის მუხლით. როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკას ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.