მედია: ყაზახეთის და სომხეთის ბანკებმა რუსული კომპანიებისთვის გადარიცხვების ბლოკირება დაიწყეს
07/06/2023 09:16:00 მსოფლიო
სომხურმა, ყაზახურმა და ჰონკონგურმა ბანკებმა უკანონო პარალელური იმპორტის გზით რუსეთისთვის მიწოდებული პროცესორების, მიკროსქემებისა და სხვა ელექტროტექნიკის საფასურის სახით რუსული კომპანიების გადარიცხვების ბლოკირება დაიწყეს, - იუწყება რუსული გამოცემა "კომერსანტი" ელექტროტექნიკის ბაზარზე თავის წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ამერიკული სანქციების მეათე პაკეტს უკავშირდება, რომელიც რუსეთთან მოთანამშრომლე ყველა ბანკს უქმნის საფრთხეს.
თავად რუსეთის ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ კონკრეტული უცხოური ბანკების გადაწყვეტილებები შესაბამისი ქვეყნების შიდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული და დროის სხვადასხვა პერიოდში შეიძლება, იცვლებოდეს.
თავის მხრივ "კომერსანტი" ბანკების ხსენებულ გადაწყვეტილებებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ამერიკელი ჩინოსნების ამასწინანდელ ვიზიტებს უკავშირებს. კერძოდ, გამოცემა აღნიშნავს, რომ ყაზახურმა ბანკებმა კომპლექსური პროცედურები მას შემდეგ გაამკაცრეს, რაც ამასწინათ ასტანაში ჩასული აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ელიზაბეტ როზენბერგი მოსკოვისთვის დახმარების გაწევის გაგრძელების შემთხვევაში ყაზახურ ბანკებს სანქციებით დაემუქრა.
ცნობისთვის: გასულ წელს სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი პირველად აღმოჩნდნენ რუსეტში პარალელურ იმპორტთან დკაავშირებული ეჭვის ქვეშ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ამ რესპუბლიკების მიერ შტატებიდან და ევროკავშირიდან პროდუქციის იმპორტი ერთბაშად 66%-ით - 9,7 მილიარდი დოლარით გაიზარდა და ამ მოცულობიდან ნახევარზე მეტი - 4,8 მილიარდი პარალელური იმპორტის არხებით რუსეთში მოხვდა.


