რუსეთის მიერ "განადგურებულ" გერმანულ "ლეოპარდებში" ტრაქტორი ამოიცნეს
07/06/2023 08:16:36 მსოფლიო
უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა რუსმა სამხედრო ბლოგერებმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს .
6 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ჩამონათვალი იმ სამხედრო ტექნიკის, რომელიც, მისი ცნობით, "უკრაინის არმიას ბოლო დღეებში გაუნადგურეს“. მათ შორის დასახელებული იყო 8 გერმანული ტანკი „ლეოპარდი“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მათი „განადგურების ამსახველი" კადრებიც.
როგორც გერმანული მაუწყებლის DW-ს რუსული სამსახური წერს, უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერმა რამდენიმე რუსმა ბლოგერმა ვიდეოში ამოიცნო სოფლის მეურნეობაში გამოყენებული, სულ მცირე, ერთი ტრაქტორი John Deere 4830 და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქმედებას "სამარცხვინო" უწოდა. უკრაინული ტელეგრამ-არხების თანახმად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „ლეოპარდად“ გაასაღა კომბაინებიც "John Deere 9000" და "John Deere 700".


