
კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შემდეგ დაკარგულების შესახებ იუწყებიან
07/06/2023 08:02:53 მსოფლიო
კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შემდეგ დაკარგულების შესახებ იუწყებიან. შესაბამის ინფორმაციას ნოვა კახოვკაში რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ ქალაქის მერი ვლადიმირ ლეონტიევი ავრცელებს.
"ჩვენ ახლა ვაზუსტებთ ინფორმაციას დაკარგული ადამიანების შესახებ. ამ დროისთვის დაკარგულად შვიდი ადამიანი ითვლება", – განაცხადა ლეონტიევმა.
უკრაინის მონაცემებით, წყლის დონემ 3,5 მეტრს გადააჭარბა. უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაახლოებით 1400 ადამიანია ევაკუირებული, დატბორილია 2000–მდე სახლი. ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.
ცნობისთვის: კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს. კრემლი ბრალდებას უარყოფს და მომხდარს "კიევის რეჟიმის მიზანმიმართულ დივერსიას" უწოდებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა . როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკას ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.