ბაიდენი: "ჩვენ არ მივატოვებთ უკრაინას"
07/06/2023 06:14:26 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაეხმარება.
კითხვაზე, რა გზავნილი აქვს რუსეთის ფედერაციასთან უკრაინაში კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
„ჩვენ არ მივატოვებთ. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას“.
გუშინ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენლმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამ დროისთვის დარწმუნებით არ შეუძლია, თქვას, ვინ არის პასუხისმგებელი ჰესის დანგრევაზე.
ცნობისთვის: კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს. კრემლი ბრალდებას უარყოფს და მომხდარს "კიევის რეჟიმის მიზანმიმართულ დივერსიას" უწოდებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა ომის წესების და კანონების დარღვევის და ეკოციდის მუხლებით. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა . როგორც უკრაინის ხელისუფლება, ისე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კახოვკას ჰესი აღდგენას არ ექვემდებარება.


