ექსპერტები: კახოვკას ჰესის დანგრევის გამო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური განუსაზღვრელი ვადით იქნება გაჩერებული
06/06/2023 18:14:19 მსოფლიო
კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების მთავარი შედეგი უშუალოდ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის იქნება ის, რომ იგი ახლა განუსაზღვრელი ვადით გაჩერდება, – იუწყება BBC ექსპერტებზე დაყრდნობით.
„ვფიქრობ, ის უკვე არაერთი წლით გაჩერდება. ძნელია იმის პროგნოზირება, კონკრეტულად რამდენი წლით. თუმცა ატომური ელექტროსადგური კიდევ დიდი ხნის განმავლობაში არ ჩაირთვება", – ამბობს ოლექსანდრ კუპნი, რომელიც 1988-2009 წლებში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში მუშაობდა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში ორი ენერგობლოკის მშენებლობას კურირებდა.
"მაშინაც კი, თუ წარმოვიდგენთ, რომ ხვალ მოხდება სასწაული, უკრაინა გაათავისუფლებს ზაპოროჟიეს სადგურსა და მის ამუშავებას მოისურვებს, ეს ვერ მოხერხდება კახოვკას წყალსაცავში წყლის ნორმალური დონის გარეშე", – განაცხადა ნორვეგიული ეკოლოგიური ორგანიზაცია Bellona-ს ატომური პროექტის ექსპერტმა დმიტრი გორჩაკოვმა.
ამასთან, BBC-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები აცხადებენ, რომ "ამ დროისთვის კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების გამო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის უსაფრთხოებისთვის არანაირი რისკი არ არსებობს".
„აშკარაა, რომ კაშხლის განადგურება გამოიწვევს წყლის დონის შემცირებას კახოვკის წყალსაცავში. მაგრამ ეს არის უზარმაზარი რეზერვუარი, საიდანაც წყალს იღებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გასაგრილებლად. ოღონდ არაპირდაპირი გზით. იქ არის სპეციალური იზოლირებული გამაგრილებელი აუზი და მასში წყალი არ იკლებს", – განმარტავს გორჩაკოვი.
'გამაგრილებელი აუზის დონე უფრო მაღალია, ვიდრე კახოვკას წყალსაცავი და იგი წყალსაცავისგან დაცულია საკუთარი კაშხლით, რომელსაც შეუძლია წყლის შეკავება", – განმარტავს კუპნი.
მათი თქმით, გარდა ამისა, გამაგრილებელი აუზის წყალი არ გამოიყენება ზაპოროჟიეს სადურის რეაქტორების აქტიური ზონის გასაგრილებლად - მისი ძირითადი მოცულობა გამოიყენებოდა ტურბინის კონდენსატორის გასაგრილებლად, მაგრამ ახლა, როდესაც ქარხანა ცივ მდგომარეობაშია და ტურბინები არ მუშაობს, გამაგრილებელი აუზის წყალი მცირე რაოდენობით გამოიყენება.
"ახლა ზაპოროჟიეს სადგურის ენერგობლოკები ცივდება არა პირდაპირ კახოვკას რეზერვუარიდან და არა გამაგრილებელი აუზიდან, არამედ სპეციალური სასხურებელი აუზების სისტემის დახმარებით, რომლებიც განლაგებულია სადგურის ტერიტორიაზე. ეს სისტემა მოიხმარს ცოტა წყალს და აუცილებლობის შემთხვევაში მისი შევსება შესაძლებელია სხვადასხვა გზით - როგორც რეზერვუარიდან, ასევე გამაგრილებელი აუზიდან. იმის გამო, რომ აუზი იზოლირებულია და სადგური თითქმის ცხრა თვის განმავლობაში გათიშულია, ამ დროის განმავლობაში მისი გაგრილების საჭიროება საგრძნობლად შემცირდა, ამიტომ სადგურს ახლა უშუალო საფრთხე არ ემუქრება", – განუცხადა ბირთვული ენერგეტიკის სპეციალისტმა დმიტრი გორჩაკოვმა BBC-ს.


