ჩინეთმა რუსეთს, ყაზახეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორობაში თითქმის გადაუსწრო
06/06/2023 16:38:08 მსოფლიო
დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და იმპორტჩანაცვლება, რომლითაც ეს უკანასკნელი დაკავდა რუსულ ბაზარზე ყაზახეთის პერსპექტივებს ძირს უთხრის.
ამ ფონზე ასტანამ მიწოდებებისა და ზოგადად ეკონომიკის დივერსიფიცირებას მიჰყო ხელი, რა კუთხითაც უპირველესად ორიენტირი ჩინეთზე აქვს აღებული. საკმარისია, ამ უკანასკნელისთვის ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვა სულ რაღაც 2 მილიარდი დოლარით გაზარდოს - და ამ კუთხით რუსეთს გადაუსწრებს.
„ჩინური მიმართულება ჩვენი პრიორიტეტია“ - განუცხადა Bloomberg-ს ვიცე-პრემიერმა სერიკ ჟუმანგარინმა, რომელიც ამავდროულად ვაჭრობისა და ინტეგრაციის თანამდებობას იკავებს.
ჩინეთთან ყაზახეთის სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს ერთი მესამედით გაიზარდა და თითქმის 24 მილიარდ დოლარს მიაღწია, რუსეთთან კი - 6%-ზე ოდნავ მეტით, 26 მილიარდ დოლარამდე.
ამ ორი ქვეყნის წილები ყაზახეთის საგარეო სავაჭრო ბრუნვაში უკვე თითქმის ტოლია: შესაბამისად, 17,1% და 17,5%-ი. ამასთან, მაისში ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გამართულ შეხვედრაზე ყაზახეთის პრეზიდენტმა ტოკაევმა დასახა მიზანი, ორ ქვეყანას შორის ბრუნვა 2030 წლისთვის $40 მილიარდამდე გაზარდოს.
ცნობისთვის: უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დასანქცირებული რუსეთის პარალელურ იმპორტში ყაზახეთი ერთ-ერთ მთავარ ცენტრად იქცა. როგორც The Wall Street Journal-ი გაერო-ს სავაჭრო სტატისტიკაზე დაყრდნობით იუწყება, 2022 წელს ყაზახეთმა აშშ-სა და ევროკავშირში ჯამური შესყიდვები 4,7 მილიარდით გაზარდა და იმავე პერიოდში რუსეთში მისმა ექსპორტმა 1,8 მილიარდი დოლარით იმატა.
ევროკავშირიდან რუსეთში აკრძალული ტვირთების პოტენციური რეექსპორტის შესახებ ეკონომისტთა საერთაშორისო ჯგუფის კვლევაში ყაზახეთის ამ კუთხით თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს: 2022 წლის მეოთხე კვარტალში ასტანამ ევროკავშირში მსგავსი საქონლის შესყიდვა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 266,2 მილიონი დოლარით გაზარდა.
„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს სანქციებს, განსაკუთრებით ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორების მიმართ, მაგრამ ჩვენ ვიცავთ მათ და მომავალშიც ასე განვაგრძობთ“, - განაცხადა ჟუმანგარინმა.
”და ეს წმინდად ეკონომიკური პოლიტიკაა” - დასძინა მან.
"თუ ქვეყანა თავად მოხვდება სანქციების ქვეშ, შეიძლება, უბრალოდ ვერ გაუძლოს ასეთ ზეწოლას", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


