
უკრაინა: 8 დასახლება უკვე სრულად ან ნაწილობრივ დატბორილია
06/06/2023 08:37:30 მსოფლიო
ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი აცხადებს, რომ კახოვკას წყალსაცავიდან წყალი სწრაფად გამოდინებას აგრძელებს.
მისი ინფორმაციით, "კრიტიკულ ზონაში დაახლოებით, 16 000 ადამიანი იმყოფება".
როგორც მან აღნიშნა, ევაკუაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.
უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ხერსონის 700-ზე მეტი მცხოვრები უკვე ევაკუირებულია. პროკუდინმა თქვა, რომ ევაკუირებულებს ჯერ მიკოლაივში და იქიდან ხმელნიცკიში, ოდესაში, კროპივნიცკში, კიევში და სხვა ქალაქებში გადაიყვანენ.
პროკუდინის ცნობით, ადგილობრივი დროით 7:30 საათისთვის სრულად ან ნაწილობრივ დატბორილია შემდეგი დასახლებები:
- ტიახინკა
- ლვოვე
- ოდრადოკამიანკა
- ივანივკა
- მიკილსკე
- ტოკარივკა
- პონიატივკა
- ბილოზერკა
- ქალაქ ხერსონის მიკრორაიონი ოსტრივი
"80-მდე დასახლება, რომელთა უმეტესობა რუსული ძალების მიერაა ოკუპირებული, პოტენციური წყალდიდობის ზონაშია", განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქალაქ კახოვკასთან მდებარე პიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია.
ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.