ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: ჰესის აფეთქების გამო ზაპოროჟიეს ქარხანაში ბირთვული უსაფრთხოების დაუყოვნებელი რისკი არ არსებობს
06/06/2023 07:29:54 მსოფლიო
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების გამო ზაპოროჟიეს ქარხანაში ბირთვული უსაფრთხოების დაუყოვნებელი რისკი არ არსებობს.
მისი ცნობით, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მყოფი სააგენტოს ექსპერტები სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.
ცოტა ხნის წინ ჰესის მფლობელმა კომპანია „უკრჰიდროენერგომ“ განაცხადა, რომ უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგური აღდგენას არ ექვემდებარება.
მისი ინფორმაციით, ჰესის შიგნით მდებარე სამანქანო დარბაზის აფეთქების შედეგად სადგური მთლიანად დანგრეულია.
„უკრჰიდროენერგოს“ თანახმად, წყალსაცავში წყლის დონის უკონტროლო კლება საფრთხეს უქმნის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსაც, რომელსაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელი გაგრილების სისტემისთვის წყალი კახოვკის ჰესიდან მიეწოდება.
იგივე განაცხადა უკრაინის ატომური ელექტროსადგურების მმართველმა სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომმა“, თუმცა, მისი ინფორმაციით, სიტუაცია კონტროლქვეშაა.
რუსეთის სახელმწიფო კონცერნ „როსენერგოატომის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა რენატ კარჩაამ კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ კახოვკის ჰესის დაზიანება გავლენას არ მოახდენს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაგრილების სისტემას საფრთხე არ ემუქრება, რადგან კახოვკის საცავში წყლის დონის კლებას „სხვა ტექნიკური საშუალებებით“ აანაზღაურებენ.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დღეს დილით განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კახოვკის ჰესი ააფეთქეს, რის გამოც ოლქის პოლიციას და საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაევალა მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, პოტენციური დატბორვის ზონაში მდებარე დასახლებული პუნქტებიდან მოქალაქეების ევაკუაცია. ამ ზონაში შედის 10 სოფელი და ქალაქ ხერსონის ნაწილი.
ხერსონის ოლქის ქალაქი კახოვკა მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.


