სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოში დემონსტრანტების დაკავებაზე: "განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა ევროატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამება"
06/06/2023 05:31:41 პოლიტიკა
სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოში ბოლო პერიოდში დემონსტრანტების დაკავების ფაქტებს ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა ევროატლანტიკურ ღირებულებებს არ შეესაბამება".
5 ივნისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელს ჰკითხეს, რამდენად ყურადღებით აკვირდებიან იმას, რაც საქართველოში ხდება.
პატელმა უპასუხა, რომ საელჩომ უკვე თქვა და კიდევ ერთხელ გაიმეორებს, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს, განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა კი, არ შეესაბამება ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებს, რომლებთანაც შეერთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.
1 ივნისს პარლამენტის შენობასთან კარვის გაშლის მცდელობისას ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი დააკავეს. მას ბრალად დასდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. 1 ივნისს პოლიციელებმა საპროტესტო პლაკატები წაართვეს გრიგორიადისის მხარდასაჭერად შეკრებილ აქტივისტებს. 2 ივნისს პარლამენტთან გაიმართა აქცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები, მათ შორის წარწერით: "ირა*ლი". პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავა აქციის 7 მონაწილე. 3 ივნისს აქცია გაიმართა ბათუმში, სადაც ანალოგიური ბრალდებით დააკავეს 6 პირი. 3 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, კვლავ გაიმართა აქცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად. ამჯერად, პარლამენტის შენობის უკანა მხარეს კარვის გაშლა მოახერხა ბექა გრიგორიადისმა, რომელიც 1 ივნისს დაკავების შემდეგ სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.


