ევროკავშირის საბჭომ კარა-მურზას დევნისთვის რუსეთის ცხრა მოქალაქეს სანქციები დაუწესა
05/06/2023 19:17:02 მსოფლიო
ევროკავშირის საბჭომ სანქციები დაუწესა რუსეთის ცხრა მოქალაქეს, რომლებიც ვლადიმირ კარა-მურზას სისხლისსამართლებრივ დევნასა და უფლებების დარღვევაში მონაწილეობდნენ.
შეზღუდვები რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ოლეგ სვირიდენკოს, გამომძიებლებს დენის კოლესნიკოვს და ანდრეი ზადაჩინს, არაკომერციული ორგანიზაცია "დამოუკიდებელი ექსპერტის" დირექტორს დანილა მიხეევს დაუწესდათ.
სანქციების სიაში ასევე არიან ხამოვნიკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დიანა მიშჩენკო, ბასმანის სასამართლოს მოსამართლე ელენა ლენსკაია, მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ილია კოზლოვი და სერგეი პოდოპრიგოროვი და მე-5 საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი დმიტრი კომნოვი.
სიაში შეყვანილი პირების აქტივები გაყინვას ექვემდებარება, მათ ასევე ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ.
ჟურნალისტ ვლადიმირ კარა-მურზას - რუსეთის და ბრიტანეთის ორმაგ მოქალაქეს და კრემლის ერთ-ერთ ყველაზე ხმამაღალ კრიტიკოსს - აპრილში მოსკოვის სასამართლომ 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა სამშობლოს ღალატის და სხვა ბრალდებების საფუძველზე, რომლებსაც თავად ჟურნალისტი უარყოფს. საერთაშორისო თანამეგობრობამ სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო.
კარა-მურზა 2022 წლის აპრილში დააკავეს, როცა იგი უცხოეთიდან რუსეთში დაბრუნდა.


