რუსეთმა და NATO-მ ბალტიის ზღვაში წვრთნები ერთდროულად დაიწყეს
05/06/2023 09:20:39 მსოფლიო
ბალტიის ზღვაში NATO–ს სამხედრო წვრთნების პარალელურად, მანევრები რუსეთმაც დაიწყო.
NATO–ს ყოველწლიური წვრთნები სახელწოდებით "ბალტიის ოპერაციები" 4 ივნისიდან მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ალიანსის 19 წევრი და წევრობის კანდიდატი შვედეთი იღებენ. წვრთნებში ჩართულია დაახლოებით 6000 ჯარისკაცი, 50 ხომალდი და 45 თვითმფრინავი. სხვა საკითხებთან ერთად, სამხედროები აპირებენ, ივარჯიშონ ნავების საწინააღმდეგო, საზენიტო და ნაღმსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელებაში, წყალქვეშა და წყალზედა დრონების გამოყენებაში. წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება.
ბალტიის ზღვაში წვრთნები დღეს რუსეთმაც დაიწყო. მასში 3500–ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე გემი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს. "ისინი ივარჯიშებენ ფლოტის საზღვაო კომუნიკაციებისა და ფლოტის ბაზირების პუნქტების დაცვაზე", ამის შესახებ ფლოტის პრესსამსახურმა გაავრცელა ცნობა. რუსეთის წვრთნები 15 ივნისს დასრულდება.


