
ერევანი: ОДКБ-ს წევრობა სომხეთს პრობლემებს უქმნის
05/06/2023 09:00:30 კავკასია
სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი ОДКБ-ში (რუსეთის თაოსნობით მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია") სომხეთის წევრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
"ОДКБ-ში სომხეთის წევრობა, რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის, მაგრამ არ გვზღუდავს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებში. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ დასავლელ პარტნიორებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ამ მუშაობას გავაგრძელებთ" - განაცხადა გრიგორიანმა სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
მისივე თქმით, "ძნელია, ОДКБ-ს მიერ 2020 წლიდან დაწყებული, სომხეთის დახმარების მაგალითი დაასახელო":
"2020 წლიდან აზერბაიჯანმა სომხეთის მიმართ სამი ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა, ОДКБ-ს კი ჩვენთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არც ერთხელ არ შეუსრულებია და არავითარი მხარდაჭერა არ გვინახავს".
ამ ვითარებაში, გრიგორიანის თქმით, სომხეთმა ალტერნატივა იპოვა:
"ამის მაგალითია ევროკავშირის მონიტორინგის მისია. მხოლოდ ამის შემდეგ შემოგვთავაზა ОДКБ-მ დახმარება: ეს ე.წ სამხედრო ბლოკი სამი თავდასხმის შემდეგ ფაქტების შემგროვებელ მისიას გვთავაზობს. ეს , ბუნებრივია, არასერიოზულია" - დასძინა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.