ბელგოროდის გუბერნატორი: "დრონით" თავდასხმის გამო ენერგეტიკულ ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა
05/06/2023 06:05:00 მსოფლიო
რუსეთის ბელგოროდის ოლქში ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარია, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „–ტელეგრამ–არხზე წერს.
მისი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი "დრონის" გამოყენებით განხორციელებული თავდასხმაა.
„წინასწარი მონაცემებით, ხანძრის მიზეზი დრონიდან ჩამოგდებული ასაფეთქებელი მოწყობილობა გახდა. მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილზე მობილიზებულია ოპერატიული სამსახურები“, - აცხადებს გუბერნატორი.
ბოლო პერიოდში რუსეთის რეგიონებში "დრონებით" შეტევა სულ უფრო გახშირდა. რუსეთის ხელისუფლება უკრაინის არმიას ადანაშაულებს. კიევი ბრალდებებს უარყოფს. განსაკუთრებით რთული ვითარება ბელგოროდის ოლქშია, სადაც მაისიდან რამდენიმე შეტაკებაც მოხდა და ხელისუფლებას "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის" გამოცხადება და მოქალაქეთა ნაწილის ევაკუაცია დასჭირდა.


