ზელენსკი: უკრაინა მზადაა, კონტრშეტევა დაიწყოს
04/06/2023 09:50:34 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა მზადაა, რუსეთის წინააღმდეგ ომში კონტრშეტევა დაიწყოს. ამის შესახებ მან The Wall Street Journal-თან ინტერვიუში ისაუბრა.
„ვფიქრობ, სადღეისოდ ჩვენ მზად ვართ ამის გასაკეთებლად. ჩვენ გვსურს გარკვეული რაღაცები გვქონდეს, მაგრამ ამას თვეობით ვერ დაველოდებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კონტრშეტევა წარმატებული იქნება, თუმცა, მისი თქმით, რამდენ ხანს გაგრძელება ის უცნობია.
„ყველამ მშვენივრად იცის, რომ მსოფლიოში ნებისმიერი კონტრშეტევა ცაზე კონტროლის გარეშე ძალიან საშიშია. თუ ყველამ იცის, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, მაშინ რაში მდგომარეობს პრობლემა, რომ მოგვაწოდონ თანამედროვე თვითმფრინავებით?“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან უკრაინის ნატო–ში გაწვრიანების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, იგი აცნობიერებს, რომ უკრაინა ვერ შეძლებს ნატო–ში გაწევრიანებას, ვიდრე რუსეთის წინააღმდეგ ომშია.
"ჩვენ არ გვინდა ნატო–ში ყოფნა ომის პერიოდში. ახლა უკვე გვიანია. აქამდე უნდა ვყოფილიყავით“.
იგი იმედოვნებს, სამიტზე უკრაინა მიიღებს დაპირებას, რომ ქვეყანა შეძლებს, შეუერთდეს ალიანსს ომის დასრულების შემდეგ.
"თუ ზოგიერთი ქვეყანა ჩვენ არ გვხედავს ნატო–ში და ჩვენ ვილნიუსში სათანადო სიგნალს არ მივიღებთ, ვფიქრობ, აზრი არ აქვს, რომ უკრაინა იყოს ამ სამიტზე",– განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ასეთი სიგნალი იქნება, ზელენსკიმ შემდეგი განაცხადა: „არ ვიცი. გულწრფელი ვიქნები, არ ვიცი“.


