
საია: ბათუმში უკანონო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა გრძელდება
04/06/2023 06:40:46 საზოგადოება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) 3 ივნისს ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების დაკავების ფატს ეხმიანება და აცხადებს, რომ უკანონო ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა გრძელდება.
"შემაშფოთებელია, რომ თბილისის შემდგომ, ბათუმშიც გრძელდება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეპრესიული საპოლიციო მექანიზმებით უკანონო შეზღუდვა. კადრებში ჩანს პოლიციის მიერ ფიზიკური ძალის გამოყენება რამდენიმე პირის მიმართ... როგორც კადრებიდან ჩანს, აქციის მონაწილე პოლიციელისადმი “სამარცხვინოს” წოდების გამო დააკავეს. მსგავსი საფუძვლით პირთა დაკავება ქართულ რეალობაში ახალი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოები და საჯარო მოხელეები, ექვემდებარებიან კრიტიკის უფრო ფართო საზღვრებს, ვიდრე კერძო პირები. როდესაც მშვიდობიან დემონსტრაციაზე ადამიანის ქმედება არც ძალადობრივია, არც მიზნად ისახავს ძალადობას, არც აქვს რესურსი, გადაიზარდოს მოვლენათა ესკალაციაში, მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება ეწინააღმდეგება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებით დაცულ გარანტიებს", – აცხადებს საია.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა; სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები; ხოლო სახალხო დამცველს - იმოქმედოს მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე.
ბათუმში ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფმა და პარტია "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა თბილისში მიმდინარე აქციას - “დაიცავი გამოხატვის თავისუფლება” - სოლიდარობა გამოუცხადეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში დასაცავია გამოხატვის თავისუფლება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ბათუმში აქციაზე მოქალაქეები "Говорит Москва" წარწერის გამო დააკავეს.