
ამერიკელი გენერალი: "აბრამსის" ტიპის ტანკებზე უკრაინელების წვრთნები უკვე დაიწყო
02/06/2023 19:00:45 მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ მარკ მილის განცხადებით, ამერიკული წარმოების "აბრამსის" ტიპის ტანკებზე უკრაინელების წვრთნები უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საფრანგეთში ვიზიტის დროს განუცხადა.
"თქვენ შეგიძლიათ, გადახედოთ მეორე მსოფლიო ომის ისტორიას და ნახავთ, რომ ისტორიაში ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლების ნაწილი ძირითადად უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ასე რომ, ტანკები ძალზე მნიშვნელოვანია როგორც თავდაცვისთვის, ისე შეტევისთვის და თანამედროვე ტანკების გამოყენება, რომლებზეც ახლა უკრაინელების წვრთნა მიმდინარეობს, ფუნდამენტური იქნება უკრაინის წარმატებისთვის", – განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.
რაც შეეხება საჰაერო თავდაცვას, მან შემდეგი განაცხადა:
"ყველა აღიარებს, რომ უკრაინას მოდერნიზებული საჰაერო ძალები სჭირდება, რაც მნიშვნელოვან დროს მოითხოვს. ამერიკული წარმოების F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე საწვრთნელი კლასების ზომის, საფრენი ტაქტიკის ტიპებისა და წვრთნებისთვის ტერიტორიის შესახებ დეტალური დაგეგმვა მუშავდება აშშ-სა და მოკავშირეებს შორის, როგორიცაა ნიდერლანდები და ბრიტანეთი, რომლებმაც პირობა დადეს, რომ უკრაინისთვის F-16–ების მიწოდების მიზნით საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე იმუშავებენ".
აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებს არ უთქვამს პირდაპირ მიაწვდის თუ არა თვითმფრინავებს კიევს, მაგრამ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ F-16–ზე უკრაინელების წვრთნას კოალიციის ფარგლებში მხარს დაუჭერს.