უკრაინის საგარეო უწყებაში ორბანის „სამშვიდობო ინიციატივას“ უპასუხეს
02/06/2023 15:08:13 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, მოსკოვთან მოლაპარაკებები მხოლოდ უკრაინიდან რუსეთის ძალების სრულად გაყვანის შემდეგაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კიევის პოზიცია უცვლელია.
„ცეცხლის შეწყვეტა ამ პირობის შეუსრულებლად სტატუს-კვოს გაყინვას გამოიწვევს. რუსეთს გადაჯგუფების, ძალების მოკრების და აგრესიის ახალი ტალღის დაწყების საშუალებას მისცემს. ეს დადასტურებულია 2014-2022 წლების გამოცდილებით“, - განაცხადა მან.
როგორც მან აღნიშნა, რაკეტებითა და "დრონებით" თავდასხმა მოწმობს, რომ ომის გაგრძელების გარდა, მოსკოვი სხვა სცენარს არ განიხილავს.
„ამავდროულად, ჩვენ ვითვალისწინებდით ვიქტორ ორბანის მტკიცებას, რომ მისთვის რთულია იყოს ერთადერთი პრემიერ-მინისტრი ევროკავშირში, რომელიც მშვიდობის მომხრეა. ამ სიტუაციის შესამსუბუქებლად უნგრეთის მთავრობის მეთაურს მოვუწოდებთ, ბოლოს და ბოლოს, მოქმედება დაიწყოს. მაგალითად, დაგმოს რუსული აგრესია, მოსთხოვოს მოსკოვს ომის შეწყვეტა და რუსული არმიის რუსეთის ტერიტორიაზე დაბრუნება, შეუერთდეს რუსეთის საერთაშორისო იზოლაციის ზომებს, არ დაარღვიოს ევროკავშირის ერთიანობა“, - დასძინა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, „კონტრშეტევა უკრაინელების საქმეა, მაგრამ წელიწად-ნახევრიანი ომის გამოცდილების მქონე კაცმა იცის, რომ შემტევი მხარის დანაკარგები სამჯერ აღემატება იმისას, ვინც თავს იცავს. ამიტომ აუცილებელია მხარეების დარწმუნება ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობაში".


