პოდოლიაკი - დაე, ორბანმა დაურეკოს თავის მეგობარ პუტინს და სთხოვოს, რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს
02/06/2023 12:30:38 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს ურჩევს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დაურეკოს და უკრაინის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდოს.
მისი თქმით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აბსურდული საჯარო პოზიცია კიდევ ერთხელ შეურაცხყოფს ევროკავშირის ღირებულებებს და ზოგადად საერთაშორისო სამართალს.
„ეს არის ევროპის შეგნებული დამცირება და რუსეთის ტერორისტულ ქმედებებთან შეგუება. ეს არის აგრესორის შეგნებული გამართლება და წახალისება, გააგრძელოს უკრაინის/ევროპის განადგურება", - აღნიშნა პოდოლიაკმა.
მისი თქმით, რუსული ჯარების გაყვანის შემდეგ ომი დასრულდება და აღარ იქნება დანაკარგები და აღარავინ დაიღუპება.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების მომხრეა.
„უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”, - აღნიშნა ორბანმა.


