მოსკოვის სასამართლომ გალკინის საჩივარი მისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მოხსნის შესახებ არ დააკმაყოფილა
02/06/2023 10:11:48 მსოფლიო
მოსკოვის ზამოსკვორეცკის რაიონის სასამართლომ შოუმენ მაქსიმ გალკინის საჩივარი მისთვის „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მოხსნის შესახებ არ დააკმაყოფილა.
რუსული სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა, რომ მაქსიმ გალკინი არ არის პოლიტიკური მოღვაწე, მისი გამოსვლები მხოლოდ პოლიტიკური სატირაა, რომლის შინაარსსაც არავინ განსაზღვრავს და არტისტის პირადი აზრი არ შეიძლება, პოლიტიკური საქმიანობა იყოს. ადვოკატმა ისიც თქვა, რომ „უცხოეთის აგენტის“ სტატუსი არღვევს გალკინის სიტყვის თავისუფლების უფლებას და დისკრიმინაციას წარმოადგენს.
თავის მხრივ, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლეს უთხრა, რომ "მაქსიმ გალკინის მიერ საჯაროდ გამოქვეყნებული მასალების ანალიზი მის პოლიტიკურ საქმიანობას ადასტურებს, რომელიც უცხოეთის გავლენის ქვეშაა". სასამართლოს სხდომაზე ნაჩვენები იყო სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები, რომლებშიც მაქსიმ გალკინი რუსეთის პოლიტიკას და უკრაინაში „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ გმობს. მოსამართლე იუსტიციის სამინისტროს პოზიციას დაეთანხმა და გალკინი "უცხოეთის აგენტად" დატოვა.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე გალკინი აგენტების რეესტრში 2022 წელს შეიყვანა.


