უკრაინა: რუსეთი ყირიმში პროვოკაციას ამზადებს, რომელიც თურქეთსაც ემუქრება
02/06/2023 09:43:03 მსოფლიო
რუსეთი ანექსირებულ ყირიმში ამზადებს პროვოკაციას, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ნახევარკუნძულის, არამედ უკრაინის კიდევ 7 რეგიონის, თურქეთის და თავად რუსეთის მოსახლეობას, – ამის შესახებ უკრაინის ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, პროვოკაცია მზადდება ყირიმის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ არმიანსკის ქიმიურ ქარხანაში, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ასაფეთქებელი ნივთიერებები შეიტანეს და ტერიტორიას ნაღმავენ.
პროკუდინმა ინფორმაციის წყაროდ „წინააღმდეგობის ძალები“ დაასახელა.
ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შესაძლო აფეთქება გამოიწვევს ატმოსფეროში ათასობით ტონა მომწამლავი ნივთიერების გაფრქვვევას და ადამიანებს და გარემოს უმძიმეს შედეგებს მოუტანს. პროკუდინის თქმით, რეაგირების მიზნით სიტუაციაზე მუდმივ მონიტორინგს განაგრძობენ.
ამ განცხადებაზე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციას კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.
ქარხანა „ყირიმის ტიტანი“ ყირიმის ქალაქ არმიანსკში მდებარეობს, რომელიც სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას, მათ შორის ტიტანის ოქსიდს აწარმოებს.


