
მსოფლიო ტურიზმის დღე 2024 წელს საქართველოში აღინიშნება
02/06/2023 07:41:21 საზოგადოება
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის განცხადებით, 2024 წელს მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში აღინიშნება. ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში გამართული კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მან აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას 38-ვე ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
2024 წელს ტურიზმის დღის მთავარი თემა იქნება "მშვიდობა და ტურიზმი".
"30 წელზე მეტია, რაც აღინიშნება მსოფლიო ტურიზმის დღე და ის ყოველწლიურად სხვადასხვა კონტინენტზე იმართება. შემდეგი ჯერი იყო ევროპის და ევროპის კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნოს საქართველოში. ეს არის ძალიან მასშტაბური ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ საკმაოდ დიდი დელეგაციები მსოფლიოს ქვეყნებიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ამ დიდი პასუხისმგებლობის აღებისა და ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივისთვის", - განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.
ბულგარეთში გამართულ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 68-ე სხდომაში ქართული მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული მონაწილეობდნენ.