
რუსეთის ოლქების გუბერნატორები "დრონებით" შეტევების თაობაზე იუწყებიან
02/06/2023 06:41:30 მსოფლიო
რუსეთის სხვადასხვა რეგიონის გუბერნატორები უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევებისა და სროლის შესახებ იუწყებიან. ბელგოროდის, ბრიანსკის და კურსკის ოლქებს ბელარუსთან მოსაზღვრე სმოლენსკის ოლქიც დაემატა.
სმოლენსკის რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ვასილი ანოხინის ინფორმაციით, ღამის 3 საათისთვის დრონებით დარტყმა იყო ორი სოფლის „სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსზე“. მისი თქმით, მსხვერპლი არ არის.
ბრიანსკის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ბოგომაზის ინფორმაციით, "უკრაინის ტერიტორიიდან დაიცხრილა ორი სოფელი, დაიწვა 1 სახლი, მსხვერპლი არ არის". რუსეთის ბრიანსკის ოლქი უკრაინის სუმის და ჩერნიგოვის ოლქებს ესაზღვრება.
რუსეთის კიდევ ერთი ოლქის, უკრაინის სუმის რეგიონთან მოსაზღვრე კურსკის გუბერნატორ რომან სტაროვოიტის ინფორმაციით, წუხელ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი. „შედარებით მშვიდი ღამის“ შესახებ წერს კურსკის მეზობელი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი. ამასთან, მისი ინფორმაციით, ღამის 2 საათისთვის უკრაინის ტერიტორიიდან ისევ სროლა იყო.
უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობა რუსეთის მიერ გავრცელებულ ამ ცნობებზე კომენტარს ჯერ–ჯერობით არ აკეთებს.