ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, არ დაუშვას უკრაინის ომის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა
01/06/2023 11:55:32 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, არ დაუშვას უკრაინის ომის გაყინულ კონფლიქტად გადაქცევა. ამის შესახებ მან მოლდოვაში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენს კონტინენტზე გაყინული კონფლიქტისა და ცივი ომის ადგილი არ უნდა იყოს“, - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „როდესაც არ არსებობს უსაფრთხოების გარანტიები, არსებობს მხოლოდ ომის გარანტიები“.
მანამდე, მან აღნიშნა, რომ კიევს სჭირდება "მკაფიო" და "პოზიტიური" გადაწყვეტილებები ნატო–სა და ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
მისი თქმით, 2023 წელი დასავლეთის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღების წელიწადი უნდა იყოს.
„ამ ზაფხულს ვილნიუსში ნატო–ს სამიტზე ჩვენ გვჭირდება მკაფიო მიწვევა წევრობისთვის და ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ალიანსში გაწევრიანების გზაზე. [შემოდგომაზე] ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანების შესახებ საჭიროა მკაფიო, პოზიტიური გადაწყვეტილება", – განაცხადა ზელენსკიმ და დასძინა, რომ "უკრაინისთვის პოზიტიური გადაწყვეტილებები ყველასთვის პოზიტიური იქნება“.
ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ "პატრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები და თანამდეროვე დასავლური მოიერიშე თვითმფრინავების "დააჩქარებენ მშვიდობას" და რომ "ყოველი ნაბიჯი საჰაერო თავდაცვის გაძლიერების კუთხით ფაქტობრივად, სიცოცხლის ხსნაა".
ევროპის პოლიტიკური საზოგადოების მეორე შეხვედრაში 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს.


