ზელენსკი: უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია
01/06/2023 09:01:07 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მოლდოველ კოლეგა მაია სანდუსთან ორმხრივი მოლაპარაკებების შემდეგ განუცხადა.
ზელენსკის არ უხსენებია საქართველო, რომელსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ამ ორი ქვეყნის მსგავსად, განაცხადი აქვს გაკეთებული.
„ვისაუბრეთ ჩვენს ევროპულ მომავალზე, დღეს უკრაინა უზრუნველყოფს მოლდოვის უსაფრთხოებას და ჩვენ ამისთვის ძალიან, ძალიან მადლობელი ვართ“, - განაცხადა სანდუმ.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.
მოლდოვაში "ევროპის პოლიტიკური საზოგადოების" მეორე შეხვედრაში მონაწილეობას 47 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, მათ შორის საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიღებს.
სამიტის განსახილველ საკითხებს შორისაა ერთობლივი ძალისხმევის გაწევა უკრაინის ომისა და მასთან დაკავშირებული კრიზისების კონტექსტში მშვიდობისა და დემოკრატიის დასაცავად, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება და ევროპული სახელმწიფოების მედეგობა.


