ISW: კრემლი "ვაგნერელების" შეცვლას "კადიროველებით" ცდილობს
01/06/2023 06:08:47 მსოფლიო
უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ძალების გასვლის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ როგორც ჩანს, გადაწყვიტა ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის კონტროლქვეშ მყოფი დაჯგუფებები საბრძოლო მოქმედებების ზონაში დააბრუნოს, - იუწყება ამერიკული ანალიტიკური ცენტრი "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW).
კადიროვმა 31 მაისს განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ძალებმა ახალი ბრძანება მიიღეს და ფრონტის ხაზზე დონეცკის ოლქში პასუხისმგებლობა აიღეს. მისივე მტკიცებით, სპეცრაზმი „ახმატი“ და პოლკი „ჩრდილოეთ ახმატი" მარინკის მიმართულებით და ქალაქ დონეცკიდან სამხრეთ-დასავლეთში გადაისროლეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 31 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმმა „ახმატმა“ მარინკის მიმართულებით შეტევა განახორციელა.
კადიროვის მტკიცებით, მის კონტროლქვეშ მყოფ ძალებს შეტევა ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებითაც დაევალა. ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, ჯერ–ჯერობით არ არსებობს იმის არანაირი ნიშანი, რომ „კადიროველები“ ამ ორი მიმართულებით მოქმედებენ.
ჩეჩნეთის მეთაურმა მაისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინაში 7 000 მებრძოლი ჰყავს. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, თუ ეს სიმართლეა, „კადიროველები“ რამდენიმე მიმართულებით წარმატებული შეტევის განხორციელებას ვერ შეძლებენ.


