მედია: პუტინი და ზელენსკი თურქეთს ეწვევიან
31/05/2023 08:51:51 მსოფლიო
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ რუსეთისა და უკრაინის ლიდერები თურქეთს ეწვევიან, - იუწყება CNN-ის თურქეთის ბიურო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
მისივე ინფორმაციით, ერთმანეთის მკიყოლების დაგეგმილი ამ ვიზიტების ფარგლებში უკრაინის ომი და ე.წ ხორბლის დერეფნის საკითხები განიხილება.
როგორც CNN აზუსტებს, ერდოღანის ინაუგურაციაზე უამრავი უცხოელი ლიდერია მიწვეული, თუმცა პუტინი "ცალკეულ პრივატულ ვიზიტს" განახორციელებს, ოდნავ მოგვიანებით კი თურქეთს ზელენსკიც ეწვევა.
ინაუგურაცია ჯერ ოფიციალურად არ დანიშნულა, თუმცა CNN-ის ცნობით, ღონისძიება 3 ან 4 ივნისს გაიმართება. განსხვავებულ თარიღებს ასახელებს გამოცემა "მილიეთი", რომლის ინფორმაციით, ერდოღანი ფიცს 2 ან 6 ივნისს დადებს. თავად ერდოღანის ადმინისტრაცია კი იუწყება, რომ თუ თურქეთის ცსკ-ს პირველი ივნისისთვის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ექნება შეჯამებული, ინაუგურაცია 3 ივნისს ჩატარდება. ფიცის დადების ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართება ოფიციალური ვახშამი უცხოელი ლიდერების მონაწილეობით.
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ანკარას ვლადიმირ პუტინისთვის ერდოღანის ინაუგურაციაზე მიწვევა არ გაუგზავნია, თუმცა "პუტინისა და ერდოღანის პირადი შეხვედრა გარკვეულ ეტაპზე აუცილებლად შედგება".
28 მაისს პუტინმა ერდოღანს ახალი ვადით გაპრეზიდენტება მიულოცა და "ძვირფასი მეგობარი" უწოდა.


