
გარდაიცვალა ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე
31/05/2023 07:15:57 საზოგადოება
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ფოტორეპორტიორი ზურაბ ქურციკიძე. მისი გარდაცვალების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესება გახდა. მან ბოლო დღეები კლინიკაში გაატარა.
ზურაბ ქურციკიძე ბოლო წლების განმავლობაში "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფოტორეპორტიორი იყო.
ზურაბ ქუციკიძე 2011 წლის 7 ივლისს კიდევ სამ ფოტორეპორტიორთან ერთად ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, რასაც დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტი მოჰყვა. 22 ივლისს ფოტოგრაფები სასამართლო დარბაზიდან პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. უწყების პოზიციით, ფოტოგრაფების დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ ამავე წლის 26 მაისს ხელისუფლების სანააღმდეგოდ გამართული აქციის დარბევის ფოტოების გადაღება და გავრცელება გახდა. ფოტოგრაფების საქმეზე 2017 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს და სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს პატიმრობა მიუსაჯა. 2018 წლის ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ფოტოგრაფები გაამართლა.