უკრაინის გენშტაბი: დონეცკის და ლუგანსკის მიმართულებებით მოგერიებულია მტრის 22 შეტევა
31/05/2023 05:14:50 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 64 საავიაციო და 1 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა 88-ჯერ დაცხრილეს.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 22 შეტევა მოიგერიეს. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში მოწინააღმდეგე თავდაცვას განაგრძობს.
გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის ავიაციამ 11 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის რაიონებზე და 1 - საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, ხოლო სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 1 რაიონი, მართვის 3 პუნქტი, 4 საარტილერიო ქვედანაყოფი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში განადგურებულია მოწინააღმდეგის 32 უპილოტო საფრენი აპარატი.


