რუსული "Red Wings"-ი საქართველოში ფრენებს ჯერ ვერ იწყებს
31/05/2023 00:38:44 მსოფლიო
რუსული ავიაკომპანია "Red Wings", რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიის სტრუქტურაში შედის და მიუხედავად ამისა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის რეისების განხორციელების ნებართვა მიიღო, საქართველოში ფრენებს ჯერ-ჯერობით ვერ იწყებს.
საქართველოსკენ რეისებზე ბილეთების გაყიდვა კომპანიის საიტზე ამ დრომდე არ დაწყებულა და "Red Wings"-ის პრეს-სამსახურში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია "Tav Georgia"-ს პრეს-სამსახურში კი აცხადებენ, რომ საქართველოსკენ რეისებს ამ ეტაპზე მხოლოდ რუსული "აზიმუტი" ასრულებს და სოჭი-თბილისის რეისი 2 ივნისის ფრენების განრიგში არ ფიგურირებს.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულ "Red Wings"-ს სოჭი-თბილისის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისები 2 ივნისიდან კვირაში სამჯერ - ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით უნდა შეესრულებინა, ასევე 2 ივნისიდან ეფრინა კვირაში სამჯერ (იმავე დღეებში) მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ "Red Wings"-ის ფრენების მიმართულებებს შორის ფიგურირებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიც, კერძოდ - გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და "სოხუმი, ბაბუშერა", თუმცა პრაქტიკაში ფრენები ამ მიმართულებით არ წარმოებს.
ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამასწინათ საქართველოსთან პიდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულმა მხარემ ამაზე თანხმობა განაცხადა, რითაც რუსეთის იზოლირების შესახებ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. შესაძლო სანქცირების შესახებ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.
19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" რომელიც აქამდე მხოლოდ შიდა რუსულ ფრენებს ახორციელებდა. 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" ახორციელებს.


