შარლ მიშელი: ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია
30/05/2023 17:45:02 პოლიტიკა
საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია საქართველოს გზაზე ევროკავშირის ოჯახისკენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ევროპული ღირებულებები ქართველი ხალხის სისხლშია.
პრეზიდენტ ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის მიმართ.
საკვანძო პრიორიტეტებში კონკრეტული პროგრესი გადამწყვეტია თქვენს გზაზე ევროკავშირის ოჯახისკენ”, - წერს მიშელი.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენსაც შეხვდა.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი განიხილეს.
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
სალომე ზურაბიშვილს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან.
13 წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს.


