პრემიერი - უკრაინაში ომზე: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება გამხდარიყო NATO-ს წევრი"
30/05/2023 07:48:05 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის ნატოში გაწევრიანების განზრახვა იყო.
აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილი პასუხობს — „ყველამ იცის მგონი მიზეზი“:
„ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოდერატორის დამატებით კითხვაზე ფიქრობდა თუ არა ის, რომ ნატოს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:
„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს,“ — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
უკრანის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაა, რომ რუსეთის აგრესია არ იყო პროვოცირებული. „არაპროვოცირებული აგრესიული ომი,“ — ასე მოიხსენიებენ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურ განცხადებებში.


