უკრაინის გენშტაბი: ქვეყნის აღმოსავლეთში 27 შეტევა მოვიგერიეთ
30/05/2023 05:46:11 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, 29 მაისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე ორჯერ განახორციელეს მასირებული სარაკეტო-საავიაციო დარტყმა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 51-დან 47 რაკეტა და 38-დან 30 დრონი.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს ლუგანსკის და დონეცკის ოლქების სრული ოკუპაციის მცდელობაზე. გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 27 შეტევა მოიგერიეს.
გენშტაბის თანახმად, 29 მაისს, მოწინააღმდეგე იერიშზე არ გადასულა ლიმანის, ბახმუტის და ავდეევკის მიმართულებებით. ბოლო დრომდე, უკრაინის გენერალური შტაბი ამ რაიონებს და მარინკას ასახელებდა ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების ზონად. რაც შეეხება მარინკას, სარდლობის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ მარინკის რაიონში 12 შეტევა მოიგერიეს.


