იაგო ხვიჩია: ერთადერთი სწორი გზა საკუთარი მთავრობის მიმართ დემარში იქნება

29-05-2023 22:36:04 პოლიტიკა

ერთადერთი სწორი გზა საკუთარი მთავრობის მიმართ დემარში იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორები მხოლოდ ფრენების აღდგენის გამო არ ითხოვენ პასუხს.

„თუ შენი ტერიტორიები ოკუპირებულია, თუ ხვდები, რომ რუსეთი ოკუპანტია, თუ ხვდები, რომ შენი ეკონომიკა ოკუპანტზეა მიბმული, ევროპას უნდა აჩოჩებდე გვერდზე, თუ პირიქით, ამბობდე, რომ მოდით, დამეხმარეთ?! პასუხად რომ ეუბნები: „თქვენ თვითონ 5 მილიარდით გაზარდეთ ვაჭრობა რუსეთთან“ - ეს არგუმენტი არ არის, ეს არის შეურაცხყოფა, ეს არის იმის თქმა, რომ „თქვენ თქვენს თავს მიხედეთ, ჩვენთვის რა გაქვთ სათქმელი“. არ ვიცი, საიდან მოდის ჩვენი ხელისუფლების ასეთი გამბედაობა. მარტო ფრენების აღდგენის გამო არ გვთხოვენ პასუხს. ჩვენ შემდეგ გავავითარეთ და ვთქვით, რომ რუსეთის მოქალაქეებს ბუფერულ ზონას შევუქმნით, იმისათვის, რომ აქედან ევროპაში გადაფრინდნენ. „აირზენა“რომ ამას ლაპარაკობს, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმების გარეშე ლაპარაკობს?“, - განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რა განვითარება შეიძლება, მოჰყვეს რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დემარშის გამოცხადებას, ხვიჩიამ შემდეგი განაცხადა:

„ევროკავშირის მხრიდან რა განვითარება შეიძლება მოჰყვეს, არ ვიცი, მაგრამ ერთხელ უკვე ვნახეთ, რა განვითარება მოყვა „რუსულ კანონს“ საქართველოს მოქალაქეებში, ამაზე უარესი მოხდება, იმ შემთხვევაში თუკი „ქართული ოცნების“ და ჩვენი აეროპორტების მოღვაწეობის შედეგად ქართველ ხალხს ევროპაში ფრენას აუკრძალავენ. სამწუხაროდ, აქეთ მიდის ეს საუბარი. მგონია, რომ ეს დემარში არავის უნდა მიგვაჩნდეს სახუმაროდ. სინამდვილეში ევროპის დემარში ნიშნავს, საქართველოში რუსეთის შემოსვლას. ჩვენი მთავრობის ქმედებები არ ტოვებს ცივილური დიალოგის საშუალებას. არ არის მეგობრის პოზიცია, როდესაც ამბობს: „მე რას მელაპარაკებით, პუტინს ელაპარაკეთ“. პუტინს კი არ ელაპარაკებიან, ებრძვიან. ამაზე არაადეკვატური დამოკიდებულება, ნიშნავს იმას რომ „ქართული ოცნება“ სხვა ნოტაზეა. მგონია, რომ ამით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარ თავს უთხრიან სამარეს“.

მისივე თქმით, საზოგადოება კონკრეტულ საბაბს ელოდება და ამ საბაბს ისევ „ქართული ოცნება“ მისცემს.

„შანსს, რომ ევროპაში წავიდეთ და იქ გავაგრძელოთ ნორმალური ცხოვრება, ამასაც დავკარგავთ, ამიტომ ერთადერთი სწორი გზა იქნება დემარში საკუთარი მთავრობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი მივაგნებთ ამის ფორმებს. საქართველოში არ მოხდება ისე, რომ ერთი აჯანყება არ მოვაწყოთ რუსეთის წინააღმდეგ და ისე ჩავბარდეთ. ნებისმიერი ადამიანის ვალდებულებაა, მონობას ნებისმიერი ფორმით გაუწიოს წინააღმდეგობა. ხალხი კონკრეტულ საბაბს ელოდება და ამ საბაბს ისევ „ქართული ოცნება“ მისცემს. ოპოზიცია, ვითომ ამ აქციების დაორგანიზებით, ხალხს შლის. „ქართული ოცნების“ იმედი მაქვს, ისინი აუცილებლად მოახერხებენ იმას, რომ ხალხი გააბრაზონ და ქუჩაში გამოიყვანონ“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები