მდინარაძე – ფრენებზე: "თუ საუბარია ტექნიკურ თანხმობაზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ და სხვებმა უნდა გასცენ, ამ სუბიექტების მხრიდან ამაზე უარის თქმა რუსეთის მიმართ დე ფაქტო სანქციების დაწესება იქნებოდა"

29-05-2023 21:48:32 პოლიტიკა

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშრირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "თუ საუბარია ტექნიკურ თანხმობაზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ და სხვებმა უნდა გასცენ, ამ სუბიექტების მხრიდან ამაზე უარის თქმა რუსეთის მიმართ დე ფაქტო სანქციების დაწესება იქნებოდა".

„პირველ რიგში, მადლობა ევროკავშირის ელჩს იმისათვის, რომ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან ფრენების შეზღუდვაც და აღდგენაც ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად ამისა, ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მისი განცხადების მეორე ნაწილი, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების აღსრულებისათვის რუსეთს საქართველოს მთავრობის თანხმობა სჭირდებოდა, ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავდა. ეს არ არის რეალური ინფორმაცია. არც პოლიტიკურ და არც ფორმალურ დონეზე არანაირი თანხმობა ამას არ სჭირდებოდა. თუ საუბარია ტექნიკურ თანხმობაზე, რომელიც საჰაერო ნავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანება და სხვებმა უნდა გასცენ, ამაზე უარის თქმა ამ სუბიექტების მხრიდან, დე ფაქტო უარი და რუსეთის მიმართ დე ფაქტო სანქციების დაწესება იქნებოდა. არც დე ფაქტო და არც რეალურ სანქციებს საქართველოს მთავრობა არ აწესებს, ეს ჩვენი პრინციპული პოზიციაა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს საქართველოსა და მის მოქალაქეებს დააზიანებს. ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც ქვეყანას დააზიანებს, ჩვენ არ ვაპირებთ. 2022 წელს ევროკავშირისა და რუსეთის მთლიანი სავაჭრო ბმა 251 მილიარდი ევრო იყო. დღეში ეს 700 მილიონ ევროს ნიშნავს. საქართველოს სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან ევროკავშირის ოთხდღიან ვაჭრობას უტოლდება. როდესაც ასეთი სტატისტიკა ხელის გულზეა, ჩვენ არ ვართ მოწოდებულები, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით საყვედურები მივიღოთ. თუ ჩვენი მეგობრების რომელიმე განცხადება რუსეთისადმი სანქციების დაწესებას მოგვიწოდებს, ჩვენი პოზიცია პრინციპულია, სანქციებით მოქალაქეებისა და ქვეყნის დაზიანებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

29 მაისს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში მყოფ ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩებთან ერთად საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დემარში გადასცა.

ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ მართალია, ეს იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ცალმხრივი გადაწყვეტილება, "მაგრამ ის ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან". სწორედ ამიტომ დაევალა მას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის შეთანხმებული გზავნილის გადაცემა. "ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები