ეუთო-ს დამკვირვებლებმა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნები სრულად სამართლიანად არ აღიარეს
29/05/2023 17:35:12 მსოფლიო
ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლებმა თურქეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები სრულად თავისუფლად და სამართლიანად არ აღიარეს. მეორე ტურის შესახებ მათ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადგილი ჰქონდა მიკერძოებას და ამომრჩეველზე ზეწოლას, მათ შორის - სახელმწიფო მედიის მხრიდან.
როგორც რუთო-ს მოხსენებაშია აღნიშნული თავად არჩევნების ორგანიზება შეესაბამებოდა დემოკრატიულ პროცედურებს და ამომრჩეველს კანდიდატების თავისუფლად არჩევის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა საარჩევნო კამპანიაში გამოყენებული იყო ოპონენტების მადესკრიდიტებელი გამოთქმები, სახელმწიფო მედია მოვლენებს მიკერძოებულად აშუქებდა, ადგილი ჰქონდა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასაც, რამაც კანდიდატთა არათანაბარ პირობებში ბრძოლა და რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის პრივილეგირებული მდგომარეობა განაპირობა.
ცნობისთვის: 28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში 14 მაისის არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იღებდნენ მონაწილეობას.
თურქეთის უმაღლესი საარჩევნო საბჭოს ხელმძღვანელის აჰმედ იენერის განცხადებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და იგი ხელახლა აირჩიეს თურქეთის პრეზიდენტად.
აჰმედ იენერმა ოფიციალურად გამოაცხადა არჩევნების შედეგები და აღნიშნა, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 52.14% მიიღო.
რეჯეფ თაიფ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მსოფლიოს არაერთი სახელმწფოს ლიდერმა მიულოცა.
ერთ–ერთი პირველი, ვინც ერდოღანს ახალი ვადით არჩევა მიულოცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მან ერდოღანს საქართველოს "დიდი მეგობარი" უწოდა:
“ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”.


