ვაშლოვანის ნაკრძალში მოხმდარზე გამოძიება დაიწყო: "მესაზღვრემ ჩვენი კარვისკენ ისროლა"

29-05-2023 19:52:08 სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, უწყებამ ვაშლოვანის ნაკრძალში შსს–ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის მიერ ტურისტების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ გამოყენების საქმეზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. ამ მუხლით სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყების საფუძველი 2023 წლის 29 მაისს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მედიის წარმომადგენლის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 28 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმდებარედ განთავსებული ტურისტების კარვების მისამართით სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით გასროლა განახორციელა.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწრაფი, ეფექტიანი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ატარებს“,- აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შემთხვევა რომლის შესახებაც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა ტურისტმა დაწერა, გუშინ მოხდა.

"ჯიგარ მესაზღვრეს დაულევია და დაჭერილი ჰყავდა ბელარუსი და რუსი ტურისტი, რომელსაც აბულინგებდა, ხელბორკილი დაადო და უთხრა, უიი გასაღები არ მქონიაო. შემდეგ დავარდნილი პომიდორის აღება უბრძანა, იარაღი გადატენა და გაისროლა ჩვენი ბანაკის მიმართულებით. კარვებს შორის გაიარა ტყვიამ. ხალხო, შოკში ვარ! ყველა ფილმი, რომელიც მინახავს ბანაკში ატეხილ სროლებზე, ახლაც კი თვალწინ მაქვს", - ასე იხსენებდა 28 მაისის ღამეს ვაშლოვანის ნაკრძალში მომხდარ შემთხვევას ნანუკა ავალიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები