პუტინმა "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების" შესახებ ხელშეკრულების დენონსაციის შესახებ კანონს ხელი მოაწერა
29/05/2023 10:59:01 მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების" შესახებ ხელშეკრულების (CFE) დენონსაციის შესახებ.
„1990-იანი წლების დასაწყისიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო-პოლიტიკური ცვლილებების გავლენით, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, ნატო–ს გაფართოებასთანაა დაკავშირებული, ის დიდწილად მოძველდა და რეალობასთან კავშირი დაკარგა“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
1990 წელს პარიზში ნატო–ს 16 ქვეყნისა და ვარშავის პაქტის ორგანიზაციის ექვსი ქვეყნის წარმომადგენლებმა "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ" ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი განახლდა 1999 წელს, მაგრამ რატიფიცირებულ იქნა მხოლოდ ოთხი მონაწილის - რუსეთის, უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის - მიერ. "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ" ხელშეკრულება საბრძოლო ტანკების, ჯავშანტექნიკის, არტილერიის, მოიერიშე შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების რაოდენობაზე შეზღუდვებს აწესებს.
2007 წელს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული საერთაშორისო დოკუმენტების შეჩერების შესახებ მანამდე, სანამ ნატოს ქვეყნები მოახდენდნენ მის რატიფიცირებას. მაშინ ალიანსმა განაცხადა, რომ მოსკოვის ქმედებები ხელს ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფას ხელს არ უწყობდა.
რუსეთისთვის CFE-ს დენონსაციასთან ერთად ავტომატურად წყდება მასთან დაკავშირებული რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულების მოქმედება.
თებერვალში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აჩერებს ქვეყნის მონაწილეობას New START-ში, შეერთებულ შტატებთან დადებულ ხელშეკრულებაში, რომელიც მიზნად ისახავს სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირებას. შეთანხმება ცალმხრივ შეჩერებას არ ითვალისწინებს, ფაქტობრივად, მოსკოვმა მის შესრულებაზე უარი განაცხადა.
მაშინ პუტინმა თქვა, რომ ხელშეკრულების განხორციელება შეუძლებელია მანამ, სანამ „დასავლური ელიტები რუსეთის განადგურებას ცდილობენ“. შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილებას "დიდი შეცდომა" უწოდა.


