ირან-ავღანეთის საზღვარზე ბრძოლებს 3 ადამიანი ემსხვერპლა
29/05/2023 06:22:30 მსოფლიო
ირან-ავღანეთის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა: ორი ირანელი მესაზღვრე და "თალიბანის" ერთი მებრძოლი, - იუწყება სააგენტო Reuters.
ირანული მხარის მტკიცებით, დაჭრილია ორი მშვიდობიანი მოსახლე, თალიბებმა კი "მძიმე დანაკარგები განიცადეს" - თავის მხრივ "თალიბანი" ირწმუნება, რომ ორივე მხრიდან თითო ადამიანია დაღუპული.
ვინ მოახდინა კონფლიქტის პროვოცირება, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. ავღანეთის შსს-ში ირწმუნებიან, რომ პირველებმა ცეცხლი ირანელმა მესაზღვრეებმა გახსნეს, რომლებმაც ავღანური პროვინცია ნიმროზის ტერიტორია დაცხრილეს. მისივე მტკიცებით, ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება და "ისლამურ ემირატს მეზობლებთან ომი არ სურს".
თავის მხრივ თეირანი ცეცხლის გახსნაში თალიბებს ადანაშაულებს. "უგულებელჰყვეს რა კეთილმეზობლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმები, თალიბებმა სასოლის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გაუხსნეს ცეცხლი, რამაც ირანული მხრიდან მედგარი წინააღმდეგობა გამოიწვია" - განაცხადა ირანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ქასემ რეზაიმ.
როგორც სახელმწიფო სააგენტო IRNA იუწყება, გასულ კვირას თალიბებმა ხსენებული საკონტროლო-გამშვები პუნქტის უფროსი მოკლეს, რის შემდეგაც ირანელებმა მილაქ-ზარანჯის სასაზღვრო გადასასვლელი ჩაკეტეს.
ცნობისთვის: მაისში ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ ავღანეთი 1973 წლის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა მდინარე გილმენდის წყლის აღმოსავლეთ ირანულ რეგიონებში გადადინების შეზღუდვით.
ავღანეთ-ირანის საზღვრის სამხრეთით მდებარე ტერიტორია ორივე ქვეყანაში ყველაზე გვალვიანად ითვლება. ადგილობრივები კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი მდინარე გილმენდის წყალზე, რომელიც ხშირად იქცევა ორ ქვეყანას შორის დავის საგნად.


