Accentnews.ge
მსოფლიო ლიდერები ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

მსოფლიო ლიდერები ერდოღანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

29/05/2023 06:01:05 მსოფლიო

რეჯეპ ტაიპ ერდოღანს თურქეთის პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევა მსოფლიოს არაერთი სახელმწფოს ლიდერმა მიულოცა.

"ვულოცავ პრეზიდენტ ერდოღანს პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევას. მოუთმენლად ველი გავაგრძელოთ მუშაობა ერთად, როგორც ნატოელმა მოკავშირეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე", – წერს აშშ–ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელში.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა "ტვიტერში" ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ გერმანია და თურქეთი ახლო პარტნიორები და მოკავშირეები არიან, ორი ქვეყნის ხალხი და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და სურთ საერთო დღის წესრიგისთვის ახალი იმპულსის მიცემა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება თურქულ ენაზე მიულოცა . მან იმედი გამოთქვა, რომ გაძლიერდება ურთიერთქმედება ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის და გაგრძელდება უკრაინა-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება ორივე ხალხის საკეთილდღეოდ.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მილოცვაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, პუტინი ერდოღანს „ძვირფას მეგობარს“ უწოდებს, ხოლო არჩევნებში მის გამარჯვებას - "თურქეთის მეთაურის თანამდებობაზე თავგანწირული მუშაობის კანონზომიერ შედეგს“. პუტინის თქმით, "ერდოღანის გამარჯვებამ დაადასტურა, რომ თურქი ხალხი მხარს უჭერს მის დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ მიმართულ ძალისხმევას". რუსეთის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტს უდასტურებს მზადყოფნას, "გაგრძელდეს კონსტრუქციული დიალოგი ორმხრივი, რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე“.

რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკიც ულოცავს

„ვულოცავ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. მოუთმენლად ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი თანამშრომლობის გაგ.რძელებას, მზარდი ვაჭრობიდან დაწყებული, უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევამდე, როგორც ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების“, – წერს სუნაკი სოციალურ ქსელში.

ერდოღანს გამარჯვება ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრო ლუკაშენკომაც მიულოცა. მისი განცხადებით, "საერთაშორისო ვითარების დეესკალაციის, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის და დავების მშვიდობიანად მოგვარების საერთო ინტერესები აქვთ და თურქეთს შეუძლია, ყოველთვის ჰქონდეს ბელარუსის იმედი".

ერთ–ერთი პირველი, ვინც ერდოღანს ახალი ვადით არჩევა მიულოცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. მან ერდოღანს საქართველოს "დიდი მეგობარი" უწოდა:

“ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”.

  • 28 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში 14 მაისის არჩევნების პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები - მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ოპოზიციონერი ქემალ ქილიჩდაროღლუ იღებდნენ მონაწილეობას. მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 52.14% მიიღო.

.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S