ბელგოროდის ოლქზე საჰაერო თავდასხმების შედეგად რუსეთში ქათმის ხორცის დეფიციტი წარმოიშვა
27/05/2023 20:48:33 მსოფლიო
რუსულ ბაზარზე ქათმის ხორცის "ფიზიკური უკმარისობა" შეინიშნება, - განუცხადეს გამოცემა "ვედმოსტის" რუსეთის მონიტორინგის ანალიტიკურ ცენტრ AD Limited-ში . იქვე აღნიშნეს, რომ დეფიციტი მზარდია და მონაცემები ზუსტდება.
გამოცემის ინფორმაციით, დეფიციტს ადასტურებენ რუსეთის საცალო ვაჭრობის ქსელებსა და ხორცის გადამამუშავებელ მსხვილ საწარმოებშიც.
შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად სახელდება რთული ვითარება უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში მოქმედ კომბინატებში ბოლო პერიოდში გახშირებული საჰაერო თავდასხმების გამო.
ცნობისთვის: ბელგოროდის ოლქი რუსეთის ფედერაციაში ფრინველის წამყვანი მწარმოებელია. მიმდინარე წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით ქვეყანაში 2,17 მილიონი ტონა ქათმის ხორცი იქნა წარმოებული, რომელთაგან ბელგოროდის მხარეზე 264 ათას 400 ტონა მოდის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა ბოლო პერიოდში ხშირად ხდება. რუსეთის ეს რეგიონი სახიფათო ადგილად იქცა. 22-23 მაისს ბელგოროდში "კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი" მოქმედებდა. რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, ოლქის ტერიტორიაზე „უკრაინის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა“ შეაღწია.
ბელგოროდის ოლქზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლობა აიღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლება“, რომლის წევრები თავს უწოდებენ პუტინის რეჟიმთან მებრძოლებს და უკრაინის მხარდამჭერებს.


