ასპინძის მუნიციპალიტეტში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

26-05-2023 22:33:21 საზოგადოება

სოფელ საყუდაბელში, რომელიც ასპინძის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა. სამცხე-ჯავახეთში ხშირია, როგორც პირუტყვის, ასევე ადამიანთა ინფიცირების შემთხვევები, რის გამოც ბრუცელოზის კერად მიიჩნევა ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის სოფლები.

სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციაში შიშობენ, რომ ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

"2012 – 2013 წწ. ბრუცელოზის პრობლემა აქტიურად იდგა რეგიონის მასშტაბით, მაშინ, ასოციაციამ ბევრი გააკეთა - სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, პირუტყვს ჩაუტარდა ვაქცინაცია, მაგრამ გავიდა მას შემდეგ 10 წელი და ისევ იმ პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან განმეორებით აღარ მოხდა ვაქცინაცია“, – განაცხადა სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციის პრეზიდენტმა თამაზ შავაძემ.

საქართველოს ბიზნესის განვითარების ცენტრის ახალციხის ოფისის დირექტორი ზურა ყულჯანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ვიტარება კიდევ უფრო გაუარესდეს:

„რამდენიმე დღის წინ ბრუცელოზზე აქტივობა დაიწყო და ვხედავთ რა პრობლემას წავაწყდით. ველი, რომ ეს კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავა, რადგან იყო წყვეტა მისი კონტროლის, მისი ლაბორატორიული ანალიზების და ვფიქრობ, რომ უფრო ცუდ შედეგებამდე მივალთ“.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მზია პაპაშვილი აცხადებს, დაავადებულთა ნაწილი სტაციონარში მკურნალობდა, ახლა კი მკურნალობას ბინაზე აგრძელებენ. მისივე თქმით, სოფელში უკვე იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, რომლებმაც შესაბამისი ნიმუშები აიღეს:

„დღეისთვის 12 შემთხვევა გვაქვს, სოფელ საყუდაბელში. მკურნალობის პროცესი ხანმოკლე არ არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ ჩემი უშუალო მოწვევით, ნიმუშები იქნა აღებული მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პირუტყვი იყო ინფიცირებული. მოსახლეობა მოიცვა პანიკამ, რადგან მიირთმევდნენ არაპასტერიზებულ რძის პროდუქტს, პირუტყვს უვლიდნენ, რაც არის საფრთხის შემცველი ცხოველიდან ადამიანისთვის გადადების თავლსაზრისით".

განმეორებით ნიმუშები პირუტყვისგან სპეციალისტებმა 21 დღეში კიდევ უნდა აიღონ, რადგან დაავადება შესაძლოა, კვლავ გამოვლინდეს.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში, საქონლის აცრა 2015 წლიდან, ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება კი 2014 წლიდან დაიწყო.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები