შსს-მ დროშით მსვლელობის მონაწილეებს თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილების საშუალება არ მისცა
26/05/2023 08:21:19 პოლიტიკა
პოლიციამ პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით შეჩერებულ მსვლელობის მონაწილეებს გზა გადაუღობა თავისუფლების მოედნისკენ, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება იმართება.
"თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, მოვუწოდებთ [მსვლელობის მონაწილეებს], აქცია დაასრულონ პარლამენტის წინ. ევროკავშირის დროშით არაერთი ადამიანი მოძრაობს, აქციის მონაწილეები არ შევუშვით და არა დროშიანი [ადამიანები]", - განუცხადა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.
აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ქალაქების სადღესასწაულო მორთულობაში ევროკავშირის დროშები არ გამოიყენა და პარლამენტის შენობის ფასადზეც მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშების ბანერები დაკიდა.
მოქალაქეების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად მიიჩნია და გადაწყვიტა, ამ გზით ეჩვენებინა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის, რომ საქართველოს დასავლური კურსი უალტერნატივოა.
აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის შეძახილები "საქართველო", "ევროპა".
მსვლელობის ორგანიზატორები არიან მოძრაობები "ტალღა" და "ჯიუტები." მსვლელობა რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, რუსთაველის ძეგლიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან შეჩერდა, სადაც საქართველოსა და ევროკავშირის გიგანტური დროშები გაიშალა.


