ტოკაევი - პუტინს: "ყაზახეთს ახალი სსრკ არ სჭირდება"
25/05/2023 14:02:58 მსოფლიო
კრემლის გეგმა, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენა განიმტკიცოს და მის მიმართ ლოიალური პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მონაწილეობით "ახალი სსრკ" ჩამოაყალიბოს, ყაზახეთის პრეზიდენტ ქასიმ-ჟომარტ ტოკაევის წინააღმდეგობას აწყდება. ყახაზეთის ლიდერმა, რომელმაც არ დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის .შეჭრას და ჩინეთსა და თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობას აფართოებს, ამ დღეებში მწვავედ გააკრიტიკა პუტინის "ევრაზიის ეკონომიკური კავშირი", რომელშიც რუსეთის გარდა, კიდევ ოთხი პოსტსაბჭოთა ქვეყანა შედის და ამასთანავე, მოსკოვთან პოლიტიკური ინტეგრაციის არსურვილის შესახებ განაცხადა.
"ყაზახეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკად განიხილავს და თვლის, რომ მის ფარგლებში ნებისმიერი ინტეგრაცია ეკონომიკურ ხასიათს უნდა ატარებდეს. სწორედ ესაა დაფიქსირებული 2015 წლის შეთანხმებაში. ინტეგრაციის ყველა სხვა სფერო ეკონომიკის პრიზმაში უნდა იქნას განხილული. გარდა ამისა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ეკონომიკური ინტეგრაცია შეიცავს ერთ დელიკატურ მომენტს, კერძოდ, იმას, რომ კავშირი დე-ფაქტოდ ორ ნაწილად დაიშალა: ერთ მხარესაა რუსეთი და ბელარუსი, რომლებიც საკავშირო სახელმწიფოს წარმოადგენენ ერთიანი პოლიტიკური, იურიდიული, სამხედრო, ეკონომიკური, სავალუტო, კულტურული, ჰუმანიტარული სივრცით და ბოდიში მომიხდია, ბირთვული იარაღითაც, რომელიც ამ დროისთვის ერთი აქვთ ორი სახელმწიფოსთვის, მეორეს კი - ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი ინტეგრაციის სულ სხვა დონით" - განუცხადა ტოკაევმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის სცენაზე მის წინ მჯდომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
მისივე თქმით, ევრაზიულ კავშირში ეკონომიკური ინტეგრაციაც კი თავდაპირველი შეთნხმებების დარღვევით მიმდინარეობს:
"მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირის ჩამოყალიბებისას დეკლარირებული იყო "ოთხი თავისუფლება", ასევე ისეთი საბაზისო პრინციპები, როგორიცაა ინფრასტრუქტურასთან არადისკრიმინაციული წვდომა, სამართლიანი კონკურენცია, თანასწორუფლებიანობა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, სახეზე გვაქვს ურთერთბარიერებისა და შეზღუდვების უამრავი ფაქტი. ასე, მაგალითად, გასულ წელს რუსეთმა არაერთგზის შეაჩერა ნოვოროსიისკის ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი, რის შემდეგაც ჩვენმა ხელისუფლებამ ალტერნატიული მარშრუტების ძიება დაიწყო და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის გვერდის ავლით - ტრანსკასპიური საზღვაო მარშრუტით ექსპორტი 6-ჯერ - 163,4 ტონამდე გაიზარდა".
პოსტსაბჭოთა სივრცეში კრემლის მზარდი ამბიციები, რომელმაც უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაშიც ჰპოვა ასახვა, ყაზახეთის ხელისუფლების მზარდ შეშფოთებას იწვევს, - განუცხადა ამასთან დაკავშირებით "The Wall Street Journal"-ს ცენტრალური აზიის ამ რესპუბლიკის ხელისუფლების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.
"ტოკაევის ხელისუფლებამ უკრაინის გააფთრებული წინააღმდეგობიდან სწორი გაკვეთილები გამოიტანა და საკუთარი ჯარის რეფორმირებაზე ფიქრობს, რათა ეს უკანასკნელი უფრო მობილურად და უფრო მომზადებულად აქციოს ჰიბრიდული ომისთვის, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს როგორც საბრძოლო მოქმედებებს, ისე კიბერშეტევებს, სადეზინფორმაციო პროპაგანდასა და არჩევნებში ჩარევას" - აღნიშნა მან.
თავად ტოკაევმა კი მარტში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრაზე გამოთქვა მზადყოფნა, აშშ-სა და ზოგადად დასავლეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა განავითაროს.
"ჩვენ მზად ვართ ამ თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. მადლიერნი ვართ აშშ-ის ხელისუფლების ყაზახეთის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერითვის, ასევე უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროებში მტკიცე და საიმედო თანამშრომლობისთვის" - აღნიშმა მაშინ ყაზახეთის ლიდერმა.


