
თამაზ გაიაშვილი: რუსეთ-საქართველოს შორის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლდა
25/05/2023 11:26:14 საზოგადოება
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა. მისი თქმით, ნახევარი ბორტიც კი არ ივსება მგზავრებით.
ავიაკომპანიის ხელმძღვანელი აკონკრეტებს, რომ მას გათვალა ამ რეისზე არ ჰქონია.
"რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს 50%-იანი დატვირთვაც არ არის... მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა - როგორც ქუხს ისე არ წვიმს... ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრის მომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას... ორი-სამი რეისია შესრულებულია - 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით... ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი... არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ, მე მაგალითად გათვლები არ მქონდა", - აცხადებს გაიაშვილი "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას.
მას "რადიო თავისუფლებამ" ასევე სთხოვა უფრო მეტი დეტალი ეთქვა საქართველოს გავლით ევროპაში ტრანზიტულ რეისებზე.
"მე მაინცდამაინც ბევრ მიმართულებას ვერ შევთავაზებ, თუ რაიმე მათთვის იქნება მისაღები, იმგზავრებენ. ახალ რეისებს არ ვგეგმავ, დანიშნულია დიდი ხანია...", – განაცხადა გაიაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით ავიაკომპანია საქართველოდან დაფრინავს ავსტრიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ირალიაში, ნიდერლანდებში, კვიპროსში, ისრაელსა და საუდის არაბეთში.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით რეგულარულ მიმოსვლა ქართული კომპანიამ "ჯორჯიან ეარვეისმა" დაიწყო. მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა.