
რა ღონისძიებები იგეგმება 26 მაისს
25/05/2023 10:54:09 საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს საქართველოს მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. მთავრობის ადმინისტრაციის გვერდზე გამოქვეყნებულია ღონისძიებების განრიგი რეგიონების მიხედვით.
რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ღონისძიებები რუსთაველის გამზირზე, 11:00 საათიდან, ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება და 20:00 საათზე, გალა-კონცერტით დასრულდება. გარდა ამისა, დღის განმავლობაში მოწყობილი იქნება ღვინის სივრცე, საბავშვო სივრცე, სპორტული სივრცე, მუსიკალურ-თეატრალური სივრცე და ა.შ.
ცნობისთვის: ევროკავშირის დროშა 26 მაისისთვის პარლამენტის შენობის გაფორმებაში აღარ ფიგურირებს. როგორც მთავრობაში განმარტავენ, გაფორმება ყოველწლიურად იცვლება თემისა და სლოგანის მიხედვით, სწორედ ამ მიზეზით არ გაფორმებულა პარლამენტი წელს ევროკავშირის დროშით. 26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები დაიგეგმა.