უკრაინის საჰაერო ძალები: წუხანდელი თავდასხმისას რუსეთის მიერ გამოყენებული ყველა "დრონი" გავანადგურეთ
25/05/2023 06:12:19 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ირანული წარმოების 36 უპილოტო საფრენი აპარატით (Shahed-136/131) შეუტიეს.
"მოწინააღმდეგის მიზანი უკრაინის დასავლეთ რეგიონებში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამხედრო ობიექტებზე დარტყმა იყო. საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფების, მობილური საცეცხლე ჯგუფების, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი ძალისხმევით 36-ივე "დრონი" განადგურებულია", – აცახდებს სარდლობა.
რუსეთის თავდასხმის გამო წუხელ გამოცხადებული საჰაერო განგაში, რომელიც კიევიდან დაიწყო და ეტაპობრივად უკრაინის თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვა, უკრაინაში დღეს დილამდე გაგრძელდა.
წუხელ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირანელ ხალხს მოუწოდა, ნუ იქნებიან რუსული ტერორის თანამონაწილე. ვიდეომიმიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელებმა ისწავლეს ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული კამიკაძე-დრონების ჩამოგდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაწილი სამიზნეებს მაინც ხვდება და მშვიდობიან ხალხს კლავს.
ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში ომის დაწყებამდე გადასცა.


